რამდენიმე წლის წინ თბილისის ერთ-ერთ უბანში საცხობი გაიხსნა, სახელად „ჭამის სამინისტრო”. მალევე იქვე მდებარე კონკურენტმა საცხობმა ახალი აბრა გამოდო წარწერით – „ჭამის პარლამენტი”. განსაკუთრებით მეორე ობიექტის მესაკუთრის სხარტი შემხვედრი...
moreრამდენიმე წლის წინ თბილისის ერთ-ერთ უბანში საცხობი გაიხსნა, სახელად „ჭამის სამინისტრო”. მალევე იქვე მდებარე კონკურენტმა საცხობმა ახალი აბრა გამოდო წარწერით – „ჭამის პარლამენტი”. განსაკუთრებით მეორე ობიექტის მესაკუთრის სხარტი შემხვედრი ნაბიჯია აღსანიშნავი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ხედვა არსებითად მართებულია, მეპატრონეს ერთი დეტალი გამორჩა. თუ მას „ჭამის სამინისტროს” მიმართ თავისი კონკურენტუნარიანობის ამბიციის გაცხადება სურდა, ამისთვის „პარლამენტზე” უფრო ზუსტი ინსტიტუტი „კომიტეტი” იქნებოდა. კაბინეტი სამინიტროების მეშვეობით ოპერირებს, რომელთა რაოდენობა ორ ათეულამდე ადის, ძალაუფლება კი უფრო და უფრო იზრდება. ამ პირობებში პარლამენტი, როგორც ერთიანი ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლების ბირთვის გაკონტროლებას შიდა სტრუქტურული დაყოფისა და სპეციალიზაციის გარეშე ვერ შეძლებს. ამიტომ ის საკუთარი ფუნქციებიდან ზოგიერთის დელეგირებას კომიტეტებზე ახდენს, სამინისტროებს მათ გადაუნაწილებს საზედამხედველოდ. წარმომადგენლობით ორგანოში, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კომიტეტია პასუხისმგებელი ცალკეული სამინისტროს კონტროლსა და დაბალანსებაზე, მას ევალება კაბინეტის თითოეული წევრის ყოველდღიური საქმიანობის შემოწმება, სიფხიზლე, რომ რომელიმე მათგანმა არ გადალახოს მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლები. კომიტეტი არის სამინისტროს საკანონმდებლო ორეული, მედლის მეორე მხარე, რომელმაც საკონტროლო უფლებამოსილებების გამოყენებით უნდა შეაკავოს აღმასრულებლის მუდმივად მზარდი, ჰეგემონიური ძალაუფლება. სწორედ ეს სპეციფიკა გამოტოვა მეორე საცხობის მესაკუთრემ. კონსტიტუციური ინსტიტუტების მისეული აღქმა სქემატურია, აშკარაა, რომ ბოლომდე ვერ ერკვევა ხელისუფლების დანაწილების დეტალებში და ქვეყნის უზენაესი კანონის მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებზე გზის გაგნება უჭირს. როგორც ჩანს, რთულია ინსტიტუტების ლაბირინთში შენიშნოს მათ შორის არსებული დელიკატური განსხვავებები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას სისტემურად სწორად ესმის ხელისუფლების შტოების ფუნქციები და ამავდროულად დოქტრინალური ცოდნის ტარება, რომელიც ზემოაღნიშნული შეცდომისგან დააზღვევდა, არც ევალება. მან, როგორც დაკვირვებულმა მოქალაქემ, მშვენივრად იცის, რომ პარლამენტს ექვემდებარება კაბინეტი, ხოლო სამინისტრო კაბინეტის ნაწილია. მისი აღქმა ეთანადება პოლიტიკური საზოგადოების ერთი წევრის ვალდებულებას, ჰქონდეს წარმოდგენა საკუთარ ქვეყანაში არსებული ძალთა კონსტიტუციური ბალანსის შესახებ. სამაგიეროდ, მხოლოდ ამის ცოდნა საკმარისი არ არის იმ პირისთვის, ვისაც ფორმალური თანამდებობა უკავია სახელისუფლებო სტრუქტურაში, განსაკუთრებით კი – პარლამენტში. ვინც იმისთვის გაამწესეს, რომ ჩაწვდეს კონსტიტუციით შექმნილი პოლიტიკური წესრიგის ყველაზე რთულ მომენტებს. ამათ შორის, დეპუტატებს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ საკუთარი როლი და ფუნქცია, რათა შეძლონ ხალხის მიერ მინიჭებული ნდობის გამართლება და მიღებული დავალების შესრულება. წინამდებარე კვლევაში საპარლამენტო კონტროლის სხვადასხვა მექანიზმის ანალიზის შემდეგ, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად გაცემული რეკომენდაცია ისაა, რომელიც ხალხის რჩეულებს ამ ინსტრუმენტების რეალური ამუშავებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტი „განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს”. თუმცა, კვლევაში აღწერილი პარლამეტის მიერ საკონტროლო უფლებამოსილებების გამოყენების სიღარიბე უჩვენებს, რომ წარმომადგენლობითი ორგანო საკუთარ თავს უფრო კაბინეტის დანამატად და მისი გადაწყვეტილებების გამფორმებლად ხედავს, ვიდრე მთავარ პოლიტიკურ ორგანოდ და მთავრობის მაკონტროლებლად, როგორც ეს უზენაეს კანონშია მითითებული.
კვლევაში მოყვანილი ფაქტებიდან ადვილია დასკვნის გამოტანა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ძალაუფლების ნარჩენებია, მწირია მისი როლი პოლიტიკის ფორმირებაში. მეორე საცხობის მეპატრონის მსგავსად, რომელსაც, როგორც ჩანს, იუმორის გრძნობის გარდა ბევრი არაფერი გააჩნდა, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ყოველთვის უფრო სანახაობრივია, ვიდრე მინისტრთა კაბინეტისა, მაგრამ რესურსები საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დასაფუძნებლად ამ უკანასკნელს ყოველთვის უფრო მეტი აქვს. ამიტომ მოულოდნელი არავისთვის იქნება საცხობების კონკურენციის ამბის დასასრული: დღეს თბილისის ყველა უბანში შეხვ- დებით „ჭამის სამინისტროს” ფილიალებს, „ჭამის პარლამენტი” კი იმ ადგილიდანაც გაქრა, სადაც თავდაპირველად დაარსდა.
ეს კარგი მეტაფორაა თანამედროვე საპარლამენტო ძალაუფლების კრიზისის აღსაწერად, რომელიც მხოლოდ ქართული დემოკრატიის პრობლემა არ არის. ის განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო (იმ მოდელებში, სადაც კაბინეტის ფორმირებაში პრეზიდენტის როლი ფორმალურია) რესპუბლიკების შემთხვევაში. საქმე ის არის, რომ სისტემაში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების ბირთვის დაკომპლექტება სრულად საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა, საპარალამენტო კონტროლის მიმართ ენთუზიაზმის ნაკლებობა შეიმჩნევა. ისეთი სისტემისგან განსხვავებით, სადაც პრემიერმინისტრის და ზოგიერთ შემთხვევაში სხვა მინისტრების დასახელება პირდაპირ არჩეული პრეზიდენტის საქმეა და სადაც არსებობს შანსი, რომ სახელმწიფოს მეთაური და უმრავლესობა სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები იყვნენ, საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში მმართველი უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანო საც აკონტროლებს და კაბინეტსაც. ამდენად, აქ მოხსნილია ის ბუნებრივი წინააღმდეგობა, რომელიც სხვა შემთხვევაში სისტემის საფუძვლებში ლოგიკურად დევს. ეს პირველი ფაქტორია, რაც პარლამენტს ხელს უშლის რეალური კონტროლის განხორციელებაში, მეორე კი პარტიული ვერტიკალია, რომელიც უფრო და უფრო დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკის წარმოებაზე, განსაკუთრებით საქართველოსნაირ ქვეყნებში, სადაც პარტიული დემოკრატია სუსტია და გადაწვეტილებებს ხელმძღვანელთა მცირე ჯგუფი იღებს. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ლიდერები საპარლამენტო ცხოვრებას კაბინეტში გადანაცვლებას ამჯობინებენ. ამ პირების გავლენა პარტიულ სტრუქტურებში ხშირად უფრო დიდია, ვიდ- რე საკანონმდებლო ორგანოში დარჩენილებისა, რის გამოც ამ უკანასკნელის საქმიანობაში ის ხაზი ტარდება, რასაც მთავრობის წევრები და, უპირველესად, პრემიერ-მინისტრი ემხრობა. ამგვარად, ვიღებთ სიტუაციას, რომელიც უნგრელმა კონსტიტუციონალისტმა ანდ- რაშ შაიომ აღწერა და, სადაც იმის მაგივრად, რომ ძაღლი (პარლამენტი) კუდს (მთავრობას) აქიცინებდეს, „კუდი ძაღლს აქიცინებს”. ამ ვითარებაში ხელისუფლების დანაწილების იდეის ერთადერთი გამოსავალი მყარი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთვის სხვადასხვა ინსტიტუციური მექანიზმებით ხელის შეშლა და საკონტროლო მექანიზმების მნიშვნელოვანი ნაწილის ოპოზიციისთვის დაქვემდებარებაა, რაც ამ კვლევის მიხედვით, ქართული მოდელის, სადაც თითქმის ყველა ინსტრუმენტს უმრავლესობა განკარგავს და სადაც საარჩევნო სისტემა გამარჯვებულ პარტიას ელექტორალურ მხარდაჭერასთან შედარებით არაპროპორციულად დიდი საპარლამენტო მანდატების მოპოვების შესალებლობას აძლევს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
ამ გამოწვევებზე პასუხი განსაზღვრავს მომავალში საკანონმდებლო ორგანოს ად- გილს პოლიტიკის ფორმირებაში, მის ძალაუფლებას, რომელიც ხუთი კომპონენტისგან შედგება, ესენია: საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირება, საკანონმდებლო, კომპლექტაციის (კონკრეტული თანამდებობის პირების თანმდებობაზე გამწესება), საბიუჯეტო და საკონტროლო უფლებამოსილებები. სამწუხაროდ, პარლამენტი უმეტესწილად მხოლოდ საკანონმდებლო ფუნქციის მატარებლად წარმოუდგენიათ, ყველაზე ნაკლებად კი – მაკონტროლებლად.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უპირველესი ამოცანაა პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებების გამოყენების ქართული გამოცდილების, ნორმატიული რეალობისა და იმპლემენტაციის პრაქტიკის შესწავლა, მისი გაუმჯობესების გზების განსაზღვრა, რათა ქართული პარლამენტარიზმი გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დღეს დგას. წინამდებარე კვლევა სწორედ ამის მცდელობაა. მართალია, ავტორთა ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის საკონტროლო იურისდიქციაში შემავალი ინსტიტუტების მხოლოდ ერთი ნაწილის შესწავლა განიზრახა, მაგრამ ჩატარებული სამუშაო მთლიანად საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების მუშაობაზეც იძლევა გარკვეულ წარმოდგენას.